დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლის სასწაული ხდება

აღდგომის წინა დღეს – დიდ შაბათს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული ხდება.
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა. ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 13:00-14:00 საათზე აღესრულება.
მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს. ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად 33 სანთელია. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ჩაბნელებულია.
მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურით მართლმადიდებელი არაბები შედიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის, ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს.
მაცხოვრის საფლავთან იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი განიმოსება და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც შეუძლია, მაგრამ მას მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.
სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება მაცხოვრის საფლავს და გულმოდგინედ ლოცულობს, რომლის დროსაც ცეცხლის გადმოსვლის სასწაული ხდება.
ცეცხლი გადმოსვლისას, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით ეცემა კედელს.
მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია და არ წვავს. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მას ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავზე იტარებენ.
გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
რამდენიმე წელია, ქართველ სამღვდელოებას და მომლოცველებს მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვთ. ღვთაებრივ ცეცხლს პირველად სამების საკათედო ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებში გაავრცელებენ.
როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის ტაძრის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s