ნანა დევდარიანი: ვარდები არ არიან…

ვარდები არ არიან…

27 მაისს თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილის დასახვედრად მისულ ხალხს სამი საათიდან 50 წუთის განმავლობაში ქართულ სიმღერებს ასმენინებდნენ. ზოგადად, აქციაზე ჯერ მასპინძელი მიდის და მის მიერ მიხმობილ ხალხს ხვდება, მაგრამ ამ დღის პიარსტრატეგია იმგვარად აიგო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს ზღვა ხალხი ელოდა, ის კი გაჭირვებით იკვალავდა გზას. თუმცა ნუ დავწვრილმანდებით. „გამოვატაროთ“ და „გვიახლოვდება“ ნაცნობი საუნდტრეკების თანხლებით ერთგვარ დეჟავიუს დაემსგავსა.
ისევ ჟღერდა მამუკა ჩარკვიანის „ჰიმნი თავისუფლებას“, რომელიც 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტის დარბაზში შეჭრილ სააკაშვილს რადისტმა ნოდარმა შეაგება:

მამულისათვის! მამულისათვის!
ტყვია მიზანში მოსახვედრია.
თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია!

ისევ აჟღერდა სააკაშვილის მიერ შეცვლილი ჰიმნი დავით მაღრაძის (აკაკი წერეთლის, გრიგოლ ორბელიანის და გალაკტიონის) სიტყვებზე და ისევ გვამცნო, რომ ჩვენი განათებული მთა–ბარი „წილნაყარია ღმერთთანა.“

და ისევ „ჩემო კარგო ქვეყანავ“. ისევ „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“! რას იზამ, ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილი ქართული პატრიოტული სიმღერის გახსენება ჭირს. „პატრინოტისთვის“ საგანგებოდ დაწერილ სიმღერებს ვერ ჩათვლი, ისევე როგორც გალაკტიონის გაზუმბებულ „თეთრ სანატორიას“ და საკურორტო ჩემოდნებზე აწყობილ სიმღერით „დაბრუნებულ“ აფხაზეთს.

თუმცა აქციას მივუბრუნდეთ. 27 მაისის აქციის შემდეგ მმართველი რეჟიმის მხარდამჭერთა შორის თუ პანიკამ არა, როგორც დიპლომატები იტყვიან, შეშფოთებამ მაინც დაისადგურა. ამის პირველი ნიშანი იმავე საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეკა კვესიტაძის „აქცენტებში“ დასმული აქცენტი – ბურჯანაძის „ოცნებასთან“ შეერთების შესახებ კითხვა იყო. როგორ უცნაურადაც უნდა გვეჩვენოს, ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც მან დავით უსუფაშვილს დაუსვა. ასე მოხდა მომდევნო ტელეეთერებშიც „ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან. ტრადიციულად, ისინი ბურჯანაძის „ოცნებასთან“ შეერთების  შესაძლებლობას გამორიცხავდნენ. რატომ აღმოჩნდა აქციაზე გამოსული ხალხის სიმრავლით შეშფოთებული კარის ჟურნალისტებისთვის სხვა ყველა საკითხზე მნიშვნელოვანი ბურჯანაძის იქ ყოფნა?

ინტერნეტგამოცებს ის უპირატესობა აქვს, რომ კომენტარების წყალობით შეგიძლია, გაარკვიო, როგორია მკითხველის აზრი, რეაქცია, შეფასება ამა თუ იმ თემაზე. წერილს „ბურჯანაძის თანმიმდევრული გზა“ და ჩემს ინტერვიუს გაზეთ „ვერსიისთვის“ საინფორმაციო–ანალიტიკურ პორტალ პრესაგე.ტვ-ზე უამრავი კომენტარი მოჰყვა. ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი ნინო ბურჯანაძე და მის მიმართ (ზოგადად, ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენების მიმართ) არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო.
ვფიქრობ, სიტუაციას ყველაზე კარგად ბლოგერი იერემია აღწერს, რომლის კომენტარებსაც და ბლოგებსაც ყოველთვის ინტერესით ვეცნობი: „ნამდვილად არ გამიხარდება, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ არჩევნებში „ოცნება“ სოლიდურ, მაგრამ რეალურად არაფრის მაქნის მეორე ადგილს დაჯერდა, არ გამიკვირდება, თუ ასეთი შედეგის გამო დღევანდელი შეურიგებელი ოპონენტები ისევ ბურჯანაძეს დაადანაშაულებენ – მისი ბრალია, ალიანსმა ხმები რომ დაკარგაო. არავის გაახსენდება, დღეს რომ ბარე ორი დამცინავად ქირქილებს, ეს ქალი პოლიტიკური გვამია, მისი რეიტინგის სინდიყი ნულოვან ნიშნულზეა დაცემული და დემოკრატიული მოძრაობის გვერდით დაყენება ივანიშვილს არაფერს შემატებსო.

ლუარსაბის და ბუზების გაფრენის არ იყოს, ვერ გამიგია – თუ ამ ქალს პულსი არ ესინჯება და რეანიმაციაშია გადასაყვანი, რატომღა უფრთხიან? რატომ გვაკლებენ ჩვენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა მდგომ ამომრჩევლებს (რაც უნდა არათავმდაბლურად ჟღერდეს, ნამდვილად მაქვს ამბიცია, ასეთად ვთვლიდე თავს) ოპოზიციური ძალების ერთობით გამოწვეულ იმედსა და გამარჯვების რწმენას?

ნუთუ აღარ დადგა დრო, რომ ისრების კონა საიგავო სენტენციიდან რეალურ პოლიტიკაში სახელმძღვანელო პრინციპად გადაიქცეს?!“

„ისრების კონისა“ და ერთობის ძალის შესახებ „ოცნებაში“ გაერთიანებულ სუბიექტებს ერთობ თავისებური წარმოდგენა აქვთ: ერთობაში (ამ შემთხვევაში, „საოცნებო“ ერთობაში) ყოფნის პრივილეგია მხოლოდ მათ ეკუთვნით, სხვები კი განზე უნდა გადგნენ და ხელი არ შეუშალონ. გამარჯვებაზე მომართულ ტაქტიკას და ამგვარ მოქმედებას შორის კი ისეთივე მსგავსებაა, როგორც პატიოსნად გამოცხადებულ ტენდერსა და პირდაპირი წესით მიყიდვას შორის. თუმცა ისევ ინტერნეტ–საზოგადოების კომენტარებს მივუბრუნდეთ.

იერემია: „პირადად ივანიშვილზე ვერ ვიტყვი, მაგრამ იმ მიზეზთა შორის, რის გამოც მისი უახლოესი გარემოცვა (ან გარემოცვის საკვანძო ფიგურები) ერთიან ფრონტზე უარს ამბობენ, არის პანიკური შიში უკვე შემდგარ, ამორფულ კოალიციაში პრივილეგირებული პოზიციის დაკარგვის თაობაზე. ეს არაერთგზის ითქვა ჩვენს ფორუმზე. მართლა გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ ეს ვერ დაინახო.

მას შემდეგ, რაც ქ-ნი ხიდაშელის ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ალიანსის პოლიტსაბჭოს ვექტორი 180 გრადუსით შეტრიალდა და გრანდიოზულ აქციებზე დაიწყო საუბარი, სრულიად ცხადი გახდა, რომ ყველა მანამდე დეკლარირებული მიზეზი თითიდან იყო გამოწოვილი. რეალურად, „ოცნების“ ლიდერებს ერთი სერიოზული არგუმენტიც აღარ გააჩნიათ გაერთიანების წინააღმდეგ.

თუ ბურჯანაძე რუსეთში დაბრძანდებოდა, რუსეთში მოსიარულენი კონა შაურად იშოვება “ოცნების” მოწინავე ეშელონშიც.

თუ ბურჯანაძე ნატოს სიმპათიით არ უყურებს (უფრო სწორად, მხოლოდ ნატოს არ თვლის პანაცეად), ასეთი შეხედულების სტაჟიანი აგიტატორი თოფაძე ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

თუ ბურჯანაძე მასობრივ აქციებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ამ მიმართულებით, მგონი ის უკვე აღარაა ყველაზე რადიკალი. დაანონსებული 27 მაისი ამისი თვალსაჩინო დადასტურებაა.

სხვა რა დარჩა?

თუ ბურჯანაძეს მძიმე პოლიტიკური შლეიფი მოსდევს, ფრთიანი ანგელოზები დამისახელეთ, გნებავთ – „ოცნებაში“ და გნებავთ – ზოგადად ქართულ პოლიტიკაში.

რამდენი ალალიც უნდა ააფრინო, რაც არ არის, არ არის.

დარჩა ის, რაც ხელისგულზე დევს და რის აღიარებაზე დახვრეტის მუქარის წინაშეც არ წავლენ ერთობის მოწინააღმდეგენი – შიში, ბაბაია, შიში!“

ეს ირაციონალური შიში იმდენად ყოვლისმომცველია, რომ თვალსაჩინო აუცილებლობაზე, გადაუდებელ საჭიროებაზეც კი ათქმევინებს უარს პოლიტიკოსებს. კიდევ ერთი კომენტატორი – სარაცინი გულისტკივილით წერს: „ბოლო დროს რაღაც ფანტასტიური პოლიტიკური ბერმუდის სამკუთხედი შეიქმნა – ნაცხუნტა ებრძვის ივანიშვილს და ოცნებას, ივანიშვილი და კომპანია ებრძვიან ბურჯანაძეს და სახალხო კრებას, ამ პოლიტიკურ მორევში კი ოპოზიციურად გაანწყობილი პრაგმატული ელექტორატის ხმა იკარგება. ბურჯანაძისგან განსხვავებით ივანიშვილისთვის საათი წიკწიკებს. სამწუხაროდ, მისთვის ათვლილ წამებს ჩვენი იმედებიც მიჰყვება. ჯერჯერობით კი კოალიცია შედარებით წარმატებული მხოლოდა ოფისომანიაშია, მათი პოლიტიკური აქტივობა ნელ–თბილია, საგარეო ვექტორები აღრეული და საშინაო პრობლემები ქაოსური.
ტრაგედიის სიღრმით, ღალატისა და გულგრილობის გარგანტიული მასშტაბის ორ მოვლენას – ნიაღვრით ჩარეცხილ მსხვერპლიან ღამეს და გასიგელგუჯრებულ დავით გარეჯს პოლიტიკური ოპოზიცია რომ ვერ გამოიყენებს, მე მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაკლებად მჯერა. ბურჯანაძეს კი ორი ერთგული მოკავშირე ჰყავს – დრო და სახალხო კრება. მისი დროც მოვა“!

ელექტორატი, როგორც ჩანს, უფრო პრაგმატულია, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი – მმართველი პარტიისა და მისი ძირითადი ოპონენტის ჩათვლით. ერთადერთი საკითხი, რომელზეც „ქართული ოცნება“ მისგანვე გამიჯნულ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას აპირებს, მაჟორიტარული კანდიდატების წამოყენებაა. სახეების სიმრავლით კი სწორედ სახალხო კრება და ბურჯანაძის პარტია გამოირჩევიან. მცდელობა, ცნობადი სახეები ბურჯანაძისთვის ჩამოეშორებინათ, უშედეგო აღმოჩნდა. ამ ცნობადი სახეების წინააღმდეგ კანდიდატურების ჩასმა კი არც „ოცნების“ ინტერესებშია. მას, მიუხედავად ბოლო დღეების „სპორტული მარშისა“, ცნობადი სახეები ნაკლებად ჰყავს, ხოლო ვინც ჰყავს, ან არასამთავრობოებში გაამწესა (მაგალითად, ნესტან კირთაძე), ან დისტანციაზე ამყოფებს (როგორც ეკა ბესელიას).

რაც შეეხებათ რესპუბლიკელებსა და ალასანიას გუნდს, მაჟორიტარულ არჩევნებში მათი წარმატება საეჭვოა. რჩება კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური, მაგრამ 75 ოლქში გამსვლელი კანდიდატურების საკითხი, „ოცნების“ აზიზი დამოკიდებულების გამო ერთობ სათუოდ გამოიყურება. გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებას იმაზე აპირებს, რაზეც მოლაპარაკება სწორედ „ოცნების“ ინტერესებშია და არა, მაგალითად, ბურჯანაძის.

ზოგადად, სურვილი, აიძულო სხვა – შენს პირობებს დაყაბულდეს, მოლაპარაკებას არ წარმოადგენს. მე დაგითმობ იქ, სადაც გამსვლელი კანდიდატურა არ მყავს, შენ კი ყველაფერი დათმე. ასეთი „მომლაპარაკებელი“ ხელისუფლებაში უკვე გვყავს, ეს უკვე მოძველებული მოტივია.

ყველაზე ნიშანდობლივად 27 მაისის აქციის დაწყებამდე ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული „ვარდები არ არიან“ ჟღერდა:

შემოდგომის ყვავილებს
დიდებასთან მივიტან,
ერთი შორი ოცნება
მახსოვს ძველ მოტივიდან.

ვარდები არ არიან,
თუმცა რა მევარდება?
სულო რა გემართება?
გულო რა მოგივიდა?

„ოცნება“ კვლავაც შორი და ძველი მოტივის რომ არ აღმოჩნდეს, მისივე სახელობის კოალიციამ ისრების კონისა და ერთობისადმი დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. სხვაგვარად, ქართველი კლასიკოსისა არ იყოს, იმის იმედად მოუწევს დარჩენა, რომ „დაიძინებს ამაღამ თვითმპყრობელობა და აღარ გაიღვიძებს ხვალ დილით“.

ნანა დევდარიანი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s