ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

patarkacishviliგარდაცვლილი მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის მიმდინარე დავასა და მის შედეგთან დაკავშირებით. 2015 წლის 25 დეკემბერს ბატონი ჩხარტიშვილის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებით გაავრცელა ბუნდოვანი ინფორმაცია, რომლითაც აშკარად შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება.

ახლა უკვე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ნაწილი ვანო ჩხარტიშვილის მიერ მითვისებულ იქნა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან სულ რამოდენიმე კვირაში.

აღნიშნული დავის ფარგლებში ვანო ჩხარტიშვილი ყოველმხრივ ცდილობდა ბრიტანეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგის თავიდან აცილებას, რის გამოც მან თავდაპირველად სადაოდ გახადა ბრიტანეთის სასამართლოს იურისდიქცია ლონდონში, წარუმატებელი მცდელობის შემდგომ კი ლონდონის პროცესის გაჭიანურებისა და ხელშეშლის მიზნით 2014 წლის 21 იანვარს იმავე ქონებაზე სამოქალაქო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მისი ცნობა სადავო აქტივების მესაკუთრედ. თუმცა ამა წლის 18 დეკემბერს, ბრიტანულმა სასამართლომ დაასრულა აღნიშნული დავის განხილვა და დაადგინა, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი აქტივების ნაწილი უკანონოდ იქნა მითვისებული ვანო ჩხარტიშვილის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ ვანო ჩხარტიშვილი დაავალდებულა აუნაზღაუროს აქტივების უკანონო მითვისებით მიყენებული ზიანი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს. რაც შეეხება ჩხარტიშვილის მიერ მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას, იგი დამატებით უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ, შესაბამისი პროცედურების დაცვით.

იმისათვის, რომ ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან არ მოხდეს ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი/მცდარი ინტერპრეტაცია, გთავაზობთ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მოსამართლის, ბ-ნი პიტერ სმიტის მსჯებლობების ფრაგმენტებს, რომელიც ნათელს ჰფენს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს:

“ვანომ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აქტივები… ვანომ იცოდა, რომ აქტივები ეკუთვნოდა ბადრის… ვანოს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენდა ბადრის აქტივების ჩუმად მითვისება”

“ვასკვნი, რომ მოსარჩელეებმა დაასაბუთეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები და დაამტკიცეს, რომ ვანომ უკანონოდ მიითვისა მათი აქტივები…”

“მოსარჩელეებმა დაასაბუთეს მათი მოთხოვნები, ვანო პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე. ვანოს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს”.

“მოწმეთა ჩვენებებს დამანგრეველი ეფექტი აქვთ ვანოს პოზიციისათვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენებები მისივე მოწმეებმა მისცეს”.

“ივანე ჩხარტიშვილი ოთხი დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას – მისი ჩვენების შინაარსი მუდმივად იცვლებოდა”.“მე არ ვიზიარებ ვანოს პოზიციას გარიგებებთან დაკავშირებით და ვადგენ, რომ ყველა სადავო აქტივს ფლობდნენ კომპანიები და ამ კომპანიების წილები საბოლოოდ ეკუთვნოდა ბადრის”.

“ვანოს მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები იყო უსარგებლო, ზოგიერთმა მათგანმა კი მისცა ისეთი ჩვენება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ვანოს პოზიციას – მათ შორის ვგულისხმობ ბ-ნ [ჯოზეფ] ქეის, რომელიც მოსარჩელის მიერ სწორად იქნა მოხსენიებული როგორც ფანტაზიორი და სახელგანთქმული თაღლითი და რომელიც სასამართლოზე გამოცხადდა იმისთვის, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ხარჯზე მოეხდინა თვითპიარი”.

და ბოლოს, ჩვენ არ ვაპირებდით საზოგადოების შეწუხებას აღნიშნულ საკითხზე საჯარო განცხადებებით, მით უფრო სადღესასწაულო დღეებში, თუმცა ბ-ნი ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებული მცდარი და ბუნდოვანი ინფორმაციის გამო თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს არაერთხელ მოუწია მათი კანონიერი უფლებების დაცვა და ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ-ნი ჩხარტიშვილის მიმართაც დადასტურდა ოჯახის პრეტენზიების მართებულება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით გადაწყდა ვანო ჩხარტიშვილის მიერ მითვისებული მხოლოდ ნაწილი აქტივების საკითხი და ოჯახი აგრძელებს სამართლებრივი გზებით ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ კანონიერი ინტერესების დაცვას სხვა აქტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია პატარკაციშვილის ოჯახის პრესსამსახურის განცხადებაში.

წყარო: info9.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s