რუსების თხოვნა: „საქართველოსთანაც ასე მოიქეცით!“

39e5c05e3f59.jpg„გთხოვთ, საქართველოსთანაც ასე მოიქეცით!“ – ასეთი თხოვნით მიმართავს რუსეთის ნაკრების გულშემატკივარი სოჭის მერიას, რომელმაც 13 თებერვალს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა და გერმანიასთან მატჩზე დასასწრებად ტრიბუნაზე სკოლებიდან და სხვა სასწავლებლებიდან 5 ათასამდე მაყურებელი მირეკა.

13 თებერვალს ტრიბუნებზე ახალგაზრდების მოზღვავებით რუსეთის რაგბის კავშირის წარმომადგენლებიც კი გაოცებულნი იყვნენ, რადგან ერთი კვირით ადრე, უფრო ძლიერ ესპანეთთან მატჩს 400-მდე ქომაგი დაესწრო და მათი ოდნობის 10-ჯერ ზრდა მხოლოდ მზიანი დარის შედეგად რომ ვერ მოხდებოდა, ცხადი იყო. საქმე რომ მთლად სუფთად არ იყო შესვენებისას დადასტურდა, როდესაც ტრიბუნაზე დამწრეთა რაოდენობა განახევრდა, მერე კი, ადმინისტრაციული რესურსის ამბავიც გაირკვა და ამან გულშემატკივრებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

მათმა ნაწილმა უმალ გაიხსენა შემთხვევები, როდესაც რუსეთის კავშირი სხვადასხვა ფორუმების მეშვეობით ადრეც ცდილობდა გულშემატკივრის მიზიდვას და მატჩზე დასწრების სანაცვლოდ მსურველებს 150-200 რუბლს სთავაზობდა. გაიხსენეს ერთ-ერთ ევროპულ ფორუმზე დაწერილი – რუსეთში თამაშს სამი ადამიანი და ერთი ძაღლი დაესწროო და ივარაუდეს, რომ მსგავსი აქცია მის გადასაფარად დაიგეგმა. ნაწილი კმაყოფილი იყო იმით, რომ სოჭმა 2016 წლის ერთა თასზე, მაყურებელთა დასწრების კუთხით რეკორდი მოხსნა, მაგრამ მერე გაირკვა, ესპანეთში მასპინძლებისა და რუმინეთის შეხვედრას ოფიციალურად 7 ათასი, ხოლო არაოფიციალურად 12 ათასი მაყურებელი დაესწრო და რუსული რეკორდი მხოლოდ 3 საათს შენარჩუნდა. თანაც, ესპანეთში სტადიონზე მოხვედრა ფასიანი იყო და იქ ძალით არავინ მიუყვანიათ.

საბოლოოდ ჩრდილოელი მეზობლების მსჯელობა 12 მარტამდე მივიდა, როდესაც იმავე სოჭში „დათვები“ „ბორჯღალოსნებს“ მასპინძლობენ. წარსულის გამოცდილებით მათ კარგად ახსოვთ, რომ თამაშებს 3 ათასამდე ქართველი ესწრება და ტრიბუნების უპირატესობის განეიტრალებას ისინი ძალით მიყვანილი 5 ათასი მოსწავლით ფიქრობენ. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ რუსებს „ბორჯღალოსნებთან“ გამარჯვების მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვთ, მაგრამ ვარაუდობენ, ტრიბუნების შეძახილებით გამხნევებული მორაგბეები უფრო მეტად მოინდომებენ და ხავსიც ისე გამყარდება, მოჭიდება აზრს შეიძენს…

გემახსოვრებათ, საქართველოსთან გამარჯვების სურვილით შებყრობილმა რუსებმა, ქართული რაგბის აღმასვლის ფუძემდებელს, ფრანგ კლოდ სორელს თავისთან უხმეს, „ბორჯღალოსნები“ კრასნოიარსკში, -6 გრადუსიან ყინვაში ათამაშეს, მსაჯად თავისი კაცი დააყენეს, რომელმაც ქართველებს ერთი ლელო გაუუქმა, მაგრამ „დათვი“ საბოლოოდ გალახული და დამარცხებული დარჩა. ნამატჩევს საქართველოს მაშინდელმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა რუსებს დაუბარა: ზღვაში თუ მთაში, უდაბნოსა თუ ყინვაში, გნებავთ მთვარეზე – რუსეთს საქართველოსთან რაგბიში შანსი არ ექნებაო.

მერე იყო ზღაპრული პრემიების პირობა, მაგრამ საქართველოს წარმატებული სერია გაგრძელდა და ისედაც, რაგბი ის თამაშია, რომელიც სულში და გენში უნდა გქონდეს, მისით უნდა ცხოვრობდე და თუ ეს არ გაქვს, პრემიებით და გულშემატკივრების „კამაზებით“ მირეკვით, უბრალოდ არაფერი გამოვა. ქართველებს კი, რუსებისგან განსხვავებით რაგბი გენში აქვთ – რაგბი ჩვენი თამაშია!
წყარო: worldrugby.ge

Leave a Reply

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s